ალბათ, ყველა ვთანხმდებით, რომ დასაკეც დანას ნებისმიერი მოლაშქრისა თუ მოგზაურის პირველადი საჭიროების ნივთების სიაში აღმოვაჩენთ. ეს ერთ-ერთი ყველაზე გამოსადეგი იარაღია, რომელმაც კრიტიკულ მომენტში დიდი დახმარება შეიძლება გაგიწიოთ. დასაკეცი დანები პრაქტიკული და კომპაქტურია. სიმსუბუქისა და მცირე ზომის გამო მათი ტარება ჯიბითაც კი შეგიძლიათ, რაც განსაკუთრებით მოსახერხებელია ნადირობისას და საველე პირობებში. ლესეს დასაკეცი დანების კოლექციაში აუცილებლად იპოვით თქვენზე მორგებულ იარაღს. იმისთვის, რომ დანა არ დაბლაგვდეს და საჭირო დროს არ დაგაღალატოთ, მას სათანადოდ უნდა მოუაროთ. როგორ უნდა გაწმინდოთ დასაკეცი დანა, სად არის მისი შენახვა რეკომენდებული და როდის არის საჭირო დანის პირის გალესვა? დღევანდელ ბლოგში ამ და სხვა ხშირად დასმულ კითხვებს ვუპასუხებთ.
რეგულარული წმენდა
როგორც წესი, ყოველი ლაშქრობის შემდეგ თქვენს დანას საფუძვლიანი გასუფთავება სჭირდება. ამაში გასაკვირი არაფერია. მთავარია, დასვრილი ნაწილები სათანადოდ გაწმინდოთ, რათა ჭუჭყი იარაღის ნაწილებში არ ჩარჩეს და ფუნქციონირებაში არ შეუშალოს ხელი. თუკი ეს შესაძლებელია, სასურველია, დანა დაშალოთ და მისი თითოეული ნაწილი ცალ-ცალკე გარეცხოთ. დანის პირსაც და ტარსაც თბილი წყალი გაავლეთ. შეგიძლიათ, სპეციალური სარეცხი საშუალებები და რბილი ჯაგრისიც დაიხმაროთ. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ჩამკეტი მექანიზმის გაწმენდას, რადგან, როგორც წესი, ჭუჭყი სწორედ ამ ადგილას გროვდება, რაც შემდეგ ხელს შეგიშლით იარაღის დაკეცვაში. გარეცხვის შემდეგ დანა კარგად უნდა გაამშრალოთ, ისე, რომ წვეთები არ დარჩეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, იარაღი დაჟანგდება.
რატომ არის მნიშვნელოვანი დანის პერიოდულად გაპოხვა
დასაკეცი დანების შემთხვევაში, რეგულარული წმენდის გარდა, საჭიროა მათი პერიოდულად გაპოხვაც. ეს იარაღს დაჟანგვისგან იცავს. თუ დროგამოშვებით ჩამკეტ მექანიზმს მცირეოდენ ზეთს გადაუსვამთ, დანის გახსნა-დაკეტვას სწრაფად და მარტივად შეძლებთ. გაფრთხილდით, რომ დაზეთვისას ბევრი არ მოგივიდეთ. ზედმეტად გაპოხილი დანა მტვერსა და ჭუჭყს მარტივად აიკრავს. ამიტომ საჭიროა ზომიერების დაცვა.
როდის და როგორ უნდა გალესო დანა
იმისთვის, რომ თქვენი იარაღი არ დაბლაგვდეს, გარკვეული დროის შემდეგ მისი გალესვა მოგიწევთ. ხშირი მოხმარების შემთხვევაში, ეს შუალედი უფრო მცირე იქნება. ლესე დანების გალესვის მომსახურებასაც გთავაზობთ. ჩვენ ლესვის სხვადასხვა მეთოდს ვიყენებთ. მათ შორის, ხელით, ქარხნულ და გრაინდერით ლესვის ტექნიკას. ძვირადღირებული და საკოლექციო დანების შემთხვევაში, რეკომენდებულია ხელით ლესვა. გარდა ამისა, ჩვენ ასევე გვაქვს უახლესი შვედური დანადგარები, რომლის შემთხვევაშიც არ ხდება ფოლადის გათბობა და მისი თვისებების ცვლილება. ლესვის შედარებით ეკონომიური ტექნიკაა გრაინდერით ლესვა, რომელიც ძირითადად გამოიყენება ბიუჯეტური დანებისთვის. ფასი დამოკიდებულია დანის ზომასა და მდგომარეობაზე.
შენახვის პირობები
რაც შეეხება დანის უსაფრთხოდ შენახვას, ეცადეთ, რომ ის მშრალ და ცივ ადგილას მოათავსოთ. სასურველია, თუ მისთვის სპეციალურ დამცავ ყუთს ან პატარა ქისას შეიძენთ. დაათვალიერეთ ლესეს საიტზე დანის აქსესუარების კატეგორია და იპოვეთ თქვენი გემოვნების შესაბამისი ატრიბუტები. ამგვარად იარაღს ნესტისგან დაიცავთ, რაც დაჟანგვის გამომწვევი უპირველესი მიზეზია.
როგორ დავიცვათ უსაფრთხოების ზომები
ცივი იარაღის ტარებისას ყოველთვის უნდა გვახსოვდეს და გავითვალისწინოთ უსაფრთხოების ზომები. ასე გარშემო მყოფების უსაფრთხოებაზეც ვიზრუნებთ და საკუთარ თავსაც ავარიდებთ უსიამოვნებას თავიდან. ცივი იარაღით სარგებლობის წესები წესრიგდება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსითა და სისხლის სამართლის კოდექსით. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 181-ე მუხლის თანახმად, ცივი იარაღის ტარება ქუჩაში, ეზოში, სტადიონზე, სკვერში, პარკში, საგანმანათლებლო დაწესებულებაში, სასამართლოში, აეროპორტში, კინოთეატრში, რესტორანში, ყველა სახის საზოგადოებრივ ტრანსპორტში, და სხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, ხოლო იმავე ქმედების განმეორებით ჩადენა ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან 1 წლის განმავლობაში გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღე-ღამემდე ვადით.
შეჯამება
დასაკეცი დანა კომპაქტური, პრაქტიკული და კომფორტული იარაღია. ის ყოველდღიურობაშიც სასარგებლო კომპანიონობას გაგიწევთ და საველე პირობებშიც გამოგადგებათ. იმისთვის, რომ თქვენმა იარაღმა კრიტიკულ მომენტში არ დაგაღალატოთ, საჭიროა მისი სათანადო მოვლა, რაც გულისხმობს რეგულარულ წმენდას, გაპოხვას, ლესვასა და შესაფერის პირობებში შენახვას. დანის გამოყენებისას აუცილებელია არ დაგვავიწყდეს უსაფრთხოების ზომები. თუ ამ მარტივ რჩევებს გაითვალისწინებთ, თქვენი დასაკეცი დანა წლების განმავლობაში ერთგულად გემსახურებათ.