დასაკეცი დანა

დასაშვებია თუ არა დასაკეცი დანის ტარება საქართველოში

ბოლო პერიოდში დასაკეცი დანების პოპულარობა სულ უფრო იზრდება. დასაკეცი დანა, რომელსაც ხშირად Utility დანას უწოდებენ, პრაქტიკული და კომპაქტური იარაღია. მისი ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა მცირე ზომა და სიმსუბუქეა, რის გამოც მისი ტარება ჯიბითაც მარტივად არის შესაძლებელი. დასაკეცი დანა ყოველდღიურობაში ბევრ სიტუაციაში შეიძლება გამოგადგეს, ამიტომ ჩვენი მომხმარებლები ხშირად სწორედ მასზე აკეთებენ არჩევანს. 

ცივი იარაღის განმარტებასთან დაკავშირებით საქართველოს კანონმდებლობაში არსებული ბუნდოვანების გამო ხშირად ისმის კითხვა, არის თუ არა დასაკეცი დანა ცივი იარაღი და მოქმედებს თუ არა მის შენახვასთან დაკავშირებით შესაბამისი წესები. დღევანდელი ბლოგი სწორედ ამ საკითხს ეხება. 

კანონი ცივი იარაღის ტარებასთან დაკავშირებით

თუკი დანების შეგროვება თქვენი ჰობია, ალბათ უკვე იცნობთ კანონში არსებულ მნიშვნელოვან დეტალებს ცივი იარაღის ტარებასთან დაკავშირებით. შეგახსენებთ, რომ საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, ცივი იარაღი წარმოადგენს საგანს, რომლის მოქმედებაც  ხორციელდება ადამიანის ფიზიკური ძალით და რომელიც განკუთვნილია უშუალო შეხებით ობიექტის დასაზიანებლად. იგივე კანონი კრძალავს ფიზიკური პირის მიერ ცივი იარაღის ტარებას  საქართველოს უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს სათანადო ნებართვის გარეშე. 

ცივი იარაღის ტარება საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში, როგორიცაა, ეზო, სკვერი, პარკი, საგანმანათლებლო დაწესებულება, ტრანსპორტი, სასამართლო, რესტორანი და ა.შ. გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, ხოლო იმავე ქმედების განმეორებით ჩადენა 1 წლის განმავლობაში გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღე-ღამემდე ვადით.

არის თუ არა დასაკეცი დანა ცივი იარაღი და შეიძლება თუ არა მისი ჯიბით ტარება

მოქმედებს თუ არა ზემოთ ჩამოთვლილი შეზღუდვები დასაკეც დანებთან მიმართებაში? როცა საქმე ცივი იარაღის განმარტებას ეხება, რთულია დაზუსტებით იმის განსაზღვრა, თუ რა შეიძლება ჩაითვალოს მჭრელ და მჩხვლეტავ საგნად. ორივე ეს მახასიათებელი მეტ-ნაკლებად შედარებითია. BESTECH-ის დასაკეც დანასთან დაკავშირებით, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა იუწყება, რომ აღნიშნული საგანი თავისი მონაცემებით, გარეგნული სახითა და უშუალოდ დანიშნულების მიხედვით წარმოადგენს სტანდარტული წესით დამზადებულ სპეციალურ საჭრელ მოწყობილობას, რომელიც დანიშნულების მიხედვით გამოიყენება სამშენებლო-სარემონტო და საკანცელარიო სამუშაოებისთვის. მას არ გააჩნია ტექნოლოგიურად გათვალისწინებული მყარი პირი (ექსპლუატაციისას პირის გაგლუვებისას ხდება პირის შეცვლა), რაც არ ახასიათებს დანების კლასიკურ ნიმუშებს. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მიუხედავად მჭრელი პირისა და გარკვეული მჩხვლეტავი თვისებების არსებობისა, აღნიშნული ობიექტი არ წარმოადგენს ცივ იარაღს. 

შეჯამება

სანამ კანონში ცივი იარაღის განმარტება უფრო აშკარა გახდება, თავიდან ვერ ავირიდებთ გაუგებრობებს. სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის თანახმად, დასაკეცი დანის კონკრეტული ნიმუში (BESTECH-ის დასაკეცი დანა) ცივი იარაღი არაა და შესაბამისად, მისი ჯიბით ტარებაც ნებადართულია. იხელმძღვანელებთ თუ არა ამ გადაწყვეტილებით, თქვენზეა დამოკიდებული. 

არსებულ პირობებში დასაკეცი დანა მოსახერხებელ და პრაქტიკულ ალტერნატივას წარმოადგენს, რომელსაც ნებისმიერ დროს დანიშნულებისამებრ გამოიყენებთ. დაათვალიერეთ ლესეს დასაკეცი დანების კოლექცია და იპოვეთ თქვენზე მორგებული იარაღი. არჩევანის გაკეთებაში ჩვენი წინა ბლოგი შეიძლება დაგეხმაროთ, სადაც მიმოვიხილავთ იმ ძირითად კრიტერიუმებს, რომლითაც დასაკეცი დანის შეძენისას უნდა იხელმძღვანელოთ.

გაზიარება
კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

საყიდლები
ავტორიზაცია

არ გაქვთ ანგარიში?

საიტი იყენებს cookie ფაილებს.